„2021 წელს, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების 26 ათასი ჰა ფართობები აღიწერა. „რთველი 2021“-ის ფარგლებში, ორივე რეგიონის ყველა მევენახემ, ჯამში 23 ათასმა, ყურძენი საწარმოებს ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩააბარა.
2022 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის – ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ. – შეგროვებით იქმნება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ამავე დროს, ვენახების კადასტრი უზრუნველყოფს რთველის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარების პროცესს.
„ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული. საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას ნერგავს“, – აცხადებენ სააგენტოში.